
"პოსტ ფაქტუმში" გასულ სიუჟეტს, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი უკანონო თვალთვალსა და მიყურადებაზე საუბრობს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში მოსმენები გრძელდება და ხელისუფლებას ამ კუთხით დიდი ბერკეტები აქვს ხელში.
"ეს პრაქტიკა არის უფრო მეტად მოდებული ამ სტრუქტურაში. როგორც ჩანს, ყველა სტრუქტურა უკვე არამხოლოდ თავის თანამშრომლებს უსმენს და არა მხოლოდ, ცნობილ ადამიანებს, ერთმანეთზეც აგროვებს კომპრომატებს, რაც ცხადიც იყო, იმიტომ რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს მოსასმენი აპარატურა, ინფრასტრუქტურა, ყოველთვის ნიშნავს, სახელმწიფოს ხელში განუზომლად დიდ ძალაუფლებას, ძალაუფლების გადამეტებას და შესაბამისად, ადამიანის უფლების პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას",-ამბობს ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი გიორგი ჩიტაძე.
"პოსტ ფაქტუმმა" სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუ გაასაჯაროვა, რომელიც 2019 წელსაა ჩაწერილი.
ირკვევა რომ ივანე გულაშვილი ამ სკანდალური ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ მალე დააკავეს. საქმე გასაიდუმლოებულია, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით ის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლითაა დააკავებული.