"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, ოპოზიცია მოლაპარაკების პირველ რაუნდზე ულტიმატუმის ენით საუბრობდა. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ალბათ იმედი აქვს, რომ ოპოზიცია ამ მიდგომას შეცვლის.
"როგორც ჩანს მათ, დანიელსონს აქვს კიდევ იმედი, რომ შესაძლებელი იქნება ოპოზიციამ შეიცვალოს გარკვეულწილად ის ულტიმატუმის ენა, რომელიც მათ ჰქონდათ. [...] იმედია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები უფრო კონსტრუქციულად მიუდგებიან ამ პროცესს, იფიქრებენ საკუთარ ქვეყანაზე და არა პარტიაზე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ და არც საკუთარ მოთხოვნებს ცვლიან. ოპოზიცია მზადაა ქვეყანა კრიზისიდან მოლაპარაკების გზით გამოვიდეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოვა.