გურჯაანში 1 პირის მკვლელობისა და 1 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გათავისუფლდა

გამოქვეყნდა:

ერთი პირის მკვლელობისა და ერთის მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული მამაკაცი, პატიმრობიდან განთავისუფლდა. მიზეზი გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადის გასვლაა, რომელიც 2021 წლის თებერვლის ბოლოს ამოიწურა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩულმლაყში, 2020 წლის 28 ივნისს მომხდარი მკვლელობისათვის ბრალდებული პირი, საბოლოო გადაწყვეტილებას სახლში დაელოდება.

ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა. მსაჯულების შერჩევის პროცესი კი თელავის რაიონულ სასამართლოში, ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს.

ბრალდებულის გათავისუფლებამ მოკლულის ოჯახის პროტესტი გამოიწვია.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კანონით განსაზღვრულ ვადაში დასრულდა და ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს:

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კანონით განსაზღვრულ ვადაში დასრულდა. ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა განიხილოს, ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის გამო, თვეების განმავლობაში გაგრძელდა, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები ვერ ახერხებდნენ სასამართლოში დროულად გამოცხადებას. თავის მხრივ დაცვის მხარემაც გააჭიანურა მსაჯულების შერჩევის პროცესი.  

ამ დროისთვის, შერჩეულია მხოლოდ 11 ნაფიცი მსაჯული, სულ კი 14 ნაფიცი მსაჯული უნდა შეირჩეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები გაგრძელდება და ბრალდებული კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს - განმარტავენ პროკურატურაში.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი