
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, აშშ-ის სენატში სასამართლოსთან დაკავშირებთ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ჯანეზაშვილის თქმით, სენატორების გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "საქართველოს სასამართლოს სჭირდება ფუნდამენტური რეფორმები და განახლება".
ჯანეზაშვილმა დღეს ის 5 საკითხი დაასახელა, რომელიც მისი თქმით, სასამართლო რეფორმის დასაწყებად და პრობლემების გადასაჭრელადაა აუცილებელი
- კლანური მმართველობისგან სასამართლოს გათავისუფლება - ვერ წარმომიდგენია სასამართლოს განვითარების პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ ამ სასამართლოში ლიდერებად დარჩებიან მურუსიძე-ჩინჩალაძე და სხვა ის პირები, რომლებმაც მოგვიტანეს ის მძიმე შედეგები, რაც სასამართლოშია. სასამართლო უნდა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან.
- სასამართლოს ნეპოტიზმისგან გათავისუფლება - როგორც აპარატის, ასევე მოსამართლეების დონეზე.
- საქმეთა განაწილების წესის შეცვლა და სისტემური ანალიზი - მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ელექტრონული განაწილების სისტემა, ვფიქრობ, ეს საკითხი საჭიროებს გადახედვას და საკანონმდებლო ცვლილებებს. არ შეიძლება მიხეილ ჩინჩალაძეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთპიროვნულად შეცვალოს მოსამართლეთა შემადგენლობა.
- საქმეთა გაჭიანურება - მოქალაქეები დადიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლოებში, მაგრამ ისინი წლების განმავლობაში ვერ აღწევენ შედეგებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქმეთა განაწილების პრინციპის შემდგომ გადაიხედოს, როგორ მიმდინარეობს პროცესები და რატომ ჭიანურდება საქმეები.
- მთლიანად სასამართლო სისტემის მოწყობა, ინსტიტუციური და ორგანიზაციული მხარე - ფაქტია, რომ დღევანდელი სასამართლო ვერ პასუხობს მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებაშია და არის თანამედროვე საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური. დღევანდელი სასამართლო სისტემა უნდა გადაიხედოს ორგანიზაციულად, მენეჯმენტი დაიხვეწოს ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ეფექტიანად ემსახურებოდეს", - თქვა ჯანეზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა.
ამავე თემაზე: