შურისძიება 16 წლის წინანდელი მკვლელობისთვის, აცდენილი მიზანი და უდანაშაულო მსხვერპლი. სოფელ ჩუმლაყში გუშინ დილით მომხდარ თავდასხმაზე ორი პირია დაკავებული. ბიძაშვილები ალექსანდრე და ჯუანშერ ტურიაშვილები. მათი სამიზნე სავარაუდოდ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი იყო. მის ოჯახს მიზეზებზე საუბარი უჭირს და არც ვერსიები აქვს.
2005 წელს, სოფელ ჩუმლაყში ბადუაშვილმა ვანო ტურიაშვილს სოფლის ცენტრში, ხალხის თვალწინ ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მოკლულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ბადუაშვილმა უმიზეზოდ გაიმეტა.
იყო თუ არა ეს შურისძიება წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის სოფელში ვერ ამბობენ, რადგან ბადუაშვილმა 16 წლის წინანდელი მკვლელობისთვის სასჯელი უკვე მოიხადა. რას უკავშირდება მომხდარი, ბადუაშვილის ოჯახის წევრები მიზეზებზე არ საუბრობენ.
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დაახლოებით ერთი წლის წინაც დაჭრეს, დაპირისპირება საავადმყოფოშიც გაგრძელდა და შურისძიების მიზნით იმ პალატის შუშები დაცხრილეს, სადაც ბადუაშვილი იწვა.
ცოტა ხნის წინ იგი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებისთვისაც იყო დაკავებული, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ მალევე გაათავისუფლა.
სავარაუდოდ ბადუაშვილისთვის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა 41 წლის იმედა ჩიქობავა. მოკლულის ოჯახის წევრების თქმით მას კონფლიქტი არავისთან ჰქონდა და გამორიცხავენ, რომ ვინმეს ეძია შური.
მიზეზებზე ვერ საუბრობს ვერც მუხრან მესხია, რომელიც სროლის შედეგად დაზიანებები მიიღო მხარსა და თვალზე. შედარებით მსუბუქად დაიჭრა გულმკერდის არეში თავად ბადუაშვილი, იგი უკვე გაწერეს. კრიტიკულად მძიმეა ზურაბ ბერულაშვილის მდგომარეობა.
ავტორი: ია გულიაშვილი