
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ევროპული დეპუტატის, ანდრიუს კუბილიუსის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩაერთონ.
მდინარაძის თქმით, ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა დაუშვებელია. მისი მტკიცებით, განმარტებით, ივანიშვილი პროცესებიდან "სრულად დისტანცირდა".
"წარმოუდგენელი შედარებაა. ტოლობის ნიშნის დასმა კიდევ უფრო მეტი საოცრებაა სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. მათ შორის განსაკუთრებით იმიტომ, რომ ერთ მხარეს დგას კრიმინალი დადასტურებული სასამართლოს განაჩენით, რომელმაც ვერც სტრასბურგში მიაღწია წარმატებას და ის სასამართლოს მიერ მიჩნეულია დამნაშავედ.
მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი დღეს არ ტოვებს, რომ არ გამოჩნდეს ტელეეთერში, მისი მიუხედავად კრიმინალობისა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე საერთოდ არ არის და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც განცხადება გააკეთა, იმის შემდეგ, ერთი წამითაც არ გამოჩენილა არსად საჯარო სივრცეში და პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებულია. ამ კუთხითაც კი შედარება ცალკე პრობლემაა. ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის ტოლობის დასმა ამ ორ ადამიანს შორის",- თქვა მდინარაძემ.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის აზრით, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელიც შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ჩართულობით მიმდინარეობს, თუმცა, მისი თქმით, პროცესიის წარმატებისთვის "ქართული ოცნების" რეალური მმართველი და ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე დიალოგის მიღმა არ უნდა დარჩნენ.