ევროპელი დეპუტატების ახალი ინიციატივა - უნდა ჩაერთონ თუ არა მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ანდრიუს კუბილიუსის აზრით, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელიც შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ჩართულობით მიმდინარეობს, თუმცა, მისი თქმით, პროცესიის წარმატებისთვის "ქართული ოცნების" რეალური მმართველი და ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე დიალოგის მიღმა არ უნდა დარჩნენ.
ოპოზიციის ნაწილისთვის კუბილიუსის ინიციატივა მიუღებელია.
ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს ერთ კონტექსტში ვერ განვიხილავ. იმ თვალსაზრისით, რომ სააკაშვილი ამჟამად არის პოლიტიკური დევნილი. თუმცა, თუ იქნება ამის შესაძლებლობა მას მხოლოდ გაუხარდება, რომ მიიღოს კრიზისის დაძლევაში მონაწილეობა,- ამბობს სალომე სამადაშვილი.
სამადაშვილისგან სრულიად განსხვავებულ აზრზეა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი.
არ მიმაჩნია რეალისტურ და სერიოზულად განსახილველ ამბად. კუბილიუსს სერიოზულად აღვიქვამ, თუმცა ამ მოსაზრების საჭიროებას არ განვიხილავ სერიოზულად,- ამბობს გიგა ბოკერია.