ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, ლარის მკვეთრად გაუფასურების მიზეზი, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური მიდგომების შედეგია. სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ლარის გაუფასურებაზე გავლენა პანდემიამ მოახდინა, თუმცა ამას დაემატა, ის ორი ლოქდაუნი, რომელიც ქვეყანაში იყო გამოცხადებული.
"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი ვაქცინაციის დროული დაწყებაა. მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, რაც შეიძლება მალე აიცრას.
"საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია ლარის დღევანდელი კურსი. განახევრებული ინვესტიციების, გაჩერებული ტურიზმის, ფაქტობრივად გაჩერებული ეკონომიკის და ამას დამატებული პოლიტიკური კრიზისი. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის პანდემია და პლიუს ის ორი ე.წ. ლოქდაუნი, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გადაიტანა.
აუცილებელია, რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ვაქცინაცია და სწრაფი ტემპით. სახელმწიფომ უზრუნველყოს სხვადასხვა ტიპის ვაქცინები და სათანადო რაოდენობა, იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა აიცრას. რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო დროულად გავხსნათ ქვეყანა, აღარ ჩავკეტოთ ქვეყანა",- თქვა კეპულაძემ.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3718 ლარი გახდა.