"ოცნებისგან" განსხვავებით, ჩვენ ყველა საკითხს განვიხილავთ" - ოპოზიცია საერთო განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური პარტიების იმ ნაწილის განცხადებით, რომლებიც შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში პარლამენტში შესვლაზე თანახმა არიან, შარლ მიშელის მიერ დატოვებული გეგმის ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს.

ოპოზიცია მზად არის და ყოველთვის მზად იყო კომპრომისისთვის, მაგრამ კომპრომისი არ ნიშნავს, შარლ მიშელის მიერ დატოვებულ გეგმის რომელიმე პუნქტზე უარის თქმას", - ამბობს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით კი, "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი". მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმები.

შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენმა მედიატორებმა, კარგმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ვინც ყველაფერს აკეთებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის იცოდნენ ხმამაღლა ჩვენი დაფიქსირებული პოზიცია, - ამბობს დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, შარლ მიშელის მიერ დატოვებულ გეგმაში ზოგი საკითხი მყისიერ გადაწყვეტას საჭიროებს. როგორც ბოკერია ამბობს, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიცია ყველა საკითხს განიხილავს.

"ყველა ის საკითხი, რომელიც მონიშნა შარლ მიშელმა თავის გზის მკვლევ ხედვაში არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ საკითხებში ზოგიერთი არის გრძელვადიანი, ზოგიერთი საჭიროებს მყისიერ გადაწყვეტას, მაგალითად მელიასა და რურუას გათავისუფლება. განსხვავებით ივანიშვილის რეჟიმისგან, რომელიც დათანხმდა ჯერ ამ სავალ რუკას და შემდეგ გადათქვა, არც კი განვიხილავო და შემდეგ ამავე ლოგიკით ჩაშალა მოლაპარაკებები, ჩვენ ყველა საკითხს განვიხილავთ", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიები მზად არიან შევიდნენ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი