თეთრი მარმარილო, ანტიკური ქანდაკებები, აღმოსავლური ჰამამი - ეს თემურ აბაზოვის მდიდრული სახლია. არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებულმა მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა არ იცის, რა ჯდება იმ სახლის აშენება, რომლის პროექტიც უკვე შეთანხმებულია და რომელშიც მალე თავად უნდა იცხოვროს.
მარტო პროექტი აბაზოვების ოჯახს დღეს ქართულ ბაზარზე მოქმედი ფასების მიხედვით, 7-10 ათას დოლარამდე დაუჯდათ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მარნეულის ყოფილი მერის მამამ ვაშლიჯვარში მდებარე მიწის ნაკვეთი 130 000 დოლარად გაყიდა და მარნეულის ყოფილი მერის მტკიცებით, ამ ფულით აპირებენ თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში დასავლურ სტილში დიდი სახლის აშენებას.
აბაზოვი "მთავარ არხს" უმტკიცებდა, რომ ვეძისში, ვაზისუბნის ქუჩაზე, მამამისმა მიწა 100 000 დოლარზე ბევრად ნაკლებად იყიდა, თუმცა როდესაც ოფიციალური დოკუმენტები ვაჩვენეთ, აზრი შეიცვალა და გვითხრა, რომ მიწის ნაკვეთის შეძენის დროს, საქართველოში არ იმყოფებოდა.
ცნობისთვის, 2018 წელს, თემურ აბაზოვს მაშინ, როცა მერის თანამდებობას იკავებდა მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავებოდნენ. მერის წინააღმდეგ მოქალაქე იყო, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილსა და მარნეულის მერს აგინა, მოგვიანებით კი გავრცელდა კადრები, სადაც ის ძალადობის მსხვერპლი გახდა, იგივე პირი ვიდეოში ბოდიშს იხდის და სახეზე შარდს ისვამს.
აბაზოვი მომხდარიდან მოერე დღესვე დააკავეს, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლომ ის და საქმის კიდევ 3 ფიგურანტი გაამართლა. დავა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
იხილეთ ასევე: