ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე - ღარიბაშვილი დანიელსონს შეხვდა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა დაასრულა. მთავრობის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა გამოხატა მზაობა გაგრძელდეს დიალოგი და რაც შეიძლება სწრაფად მიიღწეს შეთანხმება. 

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება; ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აფასებს ევროკავშირის მედიაციას, რომელიც ორიენტირებულია ვითარების დეესკალაციასა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვაზე.

მათივე განმარტებით, დანიელსონთან შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. 

"შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით და გადადგას ნაბიჯები კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც მიმართული იქნება პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანაზე", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს, 29 მარტს მედიაციის პროცესი განაახლა. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი