
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20.3 მლრდ აშშ დოლარი (66.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 127.7%-ია.
ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 640.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 328.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო - 276.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი - 34.1 მლნ. აშშ დოლარითა და 1.2 მლნ. აშშ დოლარით.
"სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (31.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 61.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 7.4 მლრდ აშშ დოლარი (24.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 46.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 583.2 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 802.7 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 923.6 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.7 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ აშშ დოლარი (15.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით", - წერია განცხადებაში.
2020 წლის მეოთხე კვარტალში გაიზარდა თავად საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალიც - 125.4 მლნ აშშ დოლარით.