შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მაღაზია "სპარის" დაყაჩაღების გამო სამი პირი: 2001 წელს დაბადებული გ.ჭ., 1998 წელს დაბადებული ო.გ. და 2000 წელს დაბადებული დ.ს. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია სპარში, მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის - გ.ჭ.-ის დის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გატაცებული თანხა - 1 375 ლარის ოდენობით, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.