კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. პოზნერი თბილისიდან მოსკოვში დაბრუნებას 3 აპრილს აპირებდა, თუმცა, გეგმები მწვავე პროტესტის გამო შეეცვალა.
მთელი დღის/ღამის განმავლობაში, აქტივისტები, საქართველოში იმ ადამიანის ჩამოსვლას, ვინც თქვა, რომ "აფხაზეთი საქართველო არაა და არც იქნება", სხვადასხვა პერფორმანსით აპროტესტებდნენ.
მანამდე კი, რუსულ მედიასთან საუბრისას, საქართველოდან დროზე ადრე გამგზავრება არც თავად კრემლის იდეოლოგმა გამორიცხა. "არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება დაგეგმილზე
ადრეც" - უთხრა პოზნერმა თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსულ მედიას.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.