კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა "რუმსი" დატოვეს - სასტუმროდან გამოსვლაში მათ ქართული პოლიცია დაეხმარა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელიც მათ უსაფრთხოდ გადაადგილებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა.
აქტივისტებმა კი "რუმსიდან" გამოსული პუტინის მეგობრების ავტობუსს კვერცხები დაუშინეს. ადგილზე ისმოდა შეძახილები: "აფხაზეთი საქართველოა", "პუტინ **ილო, გაა**ვით".. მანამდე კი აქტივისტებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის მეგობრები აეროპორტში წავიდნენ - ვრცელდება ინფოფრმაცია, რომ ისინი ვიზიტს დაგეგმილზე ადრე წყვეტენ და მოსკოვში ბრუნდებიან.
ინფორმაცია, რომ პუტინის მეგობრები სასტუმროს ტოვებდნენ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა. "მთავარი არხის" ჟურნალისტის ინფორმაციით, პორშეს მარკის ავტომანქანა პარკინგზე რამდენჯერმე შევიდა და ტერიტორია მგზავრებთან ერთად დატოვა.
საქართველოდან დროზე ადრე გამგზავრება არც თავად კრემლის იდეოლოგმა გამორიცხა.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.