ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს "დროის ხარჯვა" უწოდა და თქვა, რომ ამაში დროს აღარ დახარჯავენ, ოპოზიციაში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ამ კომენტარით კიდევ ერთხელ დადასტურდა - რეალურად მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება "ქართულ ოცნებას" არ აწყობდა.
"ნათელი გახდა, რომ იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ნაწილობრივ შეთანხმებაზე მაინც ესაუბრა, მათ მთლიანად ტორპედირება გაუკეთეს მთელ ამ მოლაპარაკებების პროცესს და ამით ამ ეტაპზე ჩაშალეს პროცესი",- ამბობს ენმ-ს წევრი, სალომე სამადაშვილი.
დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ აღიარებაა, რომ დიახაც, ქართული ოცნება, დიახაც, ღარიბაშვილი, კობახიძე და მათი კოლეგები მოლაპარაკებების ჩამშლელები არიან - ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, სერგო ჩიხლაძე
"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ კრიზისიდან გამოსაყვანად მოლაპარაკებების გაგრძელება აუცილებელია და ნორმალური ხელისუფლების პირობებში, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციის გარეშე უნდა მიდიოდეს.
"ლელოში" კი ამბობენ, რომ ღარიბაშვილმა დრევანდელი განცხადებებით კარი არა ოპოზიციას, არამედ ევროკავშირს მიუხურა.
"დღევანდელი მისი განცხადება არის გზავნილი, რომ მათ არ სურთ მედიაცია ევროკავშირის მონაწილეობით გაგრძელდეს. ეს არ არის ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის და ოპოზიციისთვის მიხურული კარი. ამით ბატონი ღარიბაშვილი მოლაპარაკებების მაგიდას უყირავებს ევროკავშირს და დასავლურ სამყაროს. ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს",-თქვა საბა ბუაძემ.
ჩვენ არ გვექნება დრო დასაკარგი ამ უშინაარსო და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად - ეს განცხადება ღარიბაშვილმა დღე მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა და ამით ჩაშლილი მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამოეხმაურა.