მსხვერპლით დასრულდა ქუჩური საქმის გარჩევა მარტვილის ცენტრში. ახალგაზრდები თავს დაესხნენ მანქანას, სადაც გელა ღურცკაია იმყოფებოდა.
ეს არის პირი, რომელიც ციხეშიც იჯდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო.
თავდასხმის დროს, მანქანაში იჯდა მისი მეგობარი, უჩა გეგიაც, რომელიც ჩხუბის დროს გარდაიცვალა. ბუნდოვანი სიკვდილის მიზეზს ახლა გამოძიება ადგენს. საქმის მთავარი ფიგურანტები, რომლებიც საჯარო მოხელეები არიან, მომხდარზე არ საუბრობენ.
"მთავარის" წყაროს ინფორმაციით, შემთხვევა პირველ აპრილს, დღის საათებში მოხდა.
მსუბუქ ავტომობილში მეგობრები უჩა გეგია და გელა ღურცკაია ისხდნენ, დათო და ლაშა წოწორიებმა ისინი გააჩერეს და თავს დაესხნენ.
ძმებმა მანქანიდან ღურცკაია გადმოიყვანეს და სასტიკად სცემეს. მათ გაშველებას ცდილობდა უჩა გეგია, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა.
სიკვდილით დასრულებული ჩხუბის მიზეზი ამჯერად გელა ღურცკაიას პოსტი გახდა. გავრცელებული ვერსიით, დათო და ლაშა წოწორიებს არ მოეწონათ, როგორ მოიხსენია სოციალურ ქსელში გელა ღურცკაიამ მათი მამა და მისი დასჯა გადაწყვიტეს. დათო და ლაშა წოწორიების სიძე რობერტ აბრახამია მარტვილში უსაფრთხოების სამსახურის უფროსია, მშობლები კი საჯარო მოხელეები არიან და ამის გამო ძმები პრივილეგიებით სარგებლობენ.
მას შემდეგ რაც მთავრი არხი თემით დაინტერესდა, გელა ღურცკაია "შაბათის მთავრას" თავად დაუკავშირდა, დაგვიდასტურა, რომ პოლიციაში გამოკითხეს, მაგრამ ცემის ფაქტი უარყო.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჩხუბის გამო სიკვდილს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ უჩა გეგია გულის შეტევით გარდაიცვალა.
რამ გამოიწვია 69 წლის კაცის სიკვდილი, ამას სავარაუდოდ ექსპერტიზა დაადგენს, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლითაა დაწყებული. ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
ავტორი: ემა გოგოხია