სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ პირველ რიგში ეს უდიდესი ადამიანური ტრაგედიაა, რომელიც ოკუპაციის რეალურ სახეს გვაჩვენებს.
"საოკუპაციო ხაზი უკვე მრავალი წელია ხელოვნურად აშორებს გამყოფი ბარიკადების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, რამაც წარსულშიც, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საუბედუროდ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ჩვენი მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას და რაც უკვე სამართლებრივად აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ", - წერს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
მათი განცხადებით, ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტისა და ფორმატის გამოყენებით, გააგრძელებენ ინტენსიურ ძალისხმევას, რათა დასრულდეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები და უსაფრთხო გარემო, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფალი გადაადგილების უფლება.
ამავე თემაზე: