ადრენალინის გაკეთება საჭიროდ არ ჩავთვალე - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ჩვენება

გამოქვეყნდა:

ახალციხეში გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის შეცვლილი ჩვენებები ცნობილია.

პირველ ჩვენებაში ექიმი ამბობს, რომ 18 მარტს, მას შემდეგ, რაც დაყოვნების ოთახში მყოფმა მეგი ბაქრაძემ თავი ცუდად იგრძნო "ფაქტიურად წამებში" გაუკეთა ადრენალინის 0,5 მლ დოზა, რასაც, მისივე განცხადებით თეა გზირიშვილი ესწრებოდა. ჩვენებაში ის წერს, რომ მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში აცრის ჩატარებიდან 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და მასზე დაკვირვებას ის და ექთანი ახდენდნენ.

"ადრენალინის გაკეთების შემდეგ დაუყოვნებლივ მივმართე გოგოებს ( თუმცა კონკრეტულად ვინ იდგა იქ არ მახსოვს) რათა დაეძახათ ბექა ლიპარტელიანისთვის, ბექა მალევე მოვიდა, მას ასევე წამებში მოჰყვა ნუგზარ კობაიძე. ბექა გახლავთ რეანიმაციის უმცროსი ექიმი, მას ავუხსენი მდგომარეობა", - წერს ვიოლეტა ინასარიძე. 

კითხვაზე გაისინჯა თუ არა პაციენტი აცრის წინ ის პასუხობს: "პროტოკოლის შესაბამისად, ექიმის ფუნქციას არ წარმოადგენს პაციენტის გასინჯვა აცრის წინ".  მისი თქმით, ბაქრაძეს აცრის წინ 36,7 ტემპერატურა ჰქონდა. 

მეორე ჩვენებაში იგივე ექიმი აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი საერთოდ არ გაუკეთებია.

მოწმე: არა, არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი.

გამომძიებელი: ანაფილაქსიის შოკი რა სიმპტომებს გამოხატავს?

მოწმე: უნდა იყოს სუნთქვის უკმარისობა, დახრჩობის შეგრძნება, ღებინებაც შეიძლება იყოს, და გენერალიზებული გამონაყარი. 

გამომძიებელი: ადრენალინის გამოყენება მეგი ბაქრაძის შემთხვევაში არ მიიჩნიეთ საჭიროდ?

მოწმე: არა, ნამდვილად არ იყო, ჩვეულებრივი რეაქცია იყო.

ექიმი, ასევე, ამბობს, რომ სამედიცინო ისტორიაში შეტანილ იქნა, რომ ბაქრაძეს ადრენალინი გაუკეთეს. 

გამომძიებელი: რა მიზანს ემსახურებოდა ის ფაქტი, რომ შეგედგინათ არასწორი სამედიცინო ისტორია და პირადად თქვენ რა მიზანი გამოძრავებდათ, როდესაც ხელს აწერდით არასწორად შევსებულ სამედიცინო ისტორიას?

მოწმე: ალბათ შიში, რომ აი პასუხისმგებლობა, არ ვიცი. 

მეორე ჩვენებაში ვიოლეტა ინასარიძე ამბობს, რომ მის გარდა სამედიცინო ისტორიას ხელი ბექა ლიპარტელიანმა და ექთანმა შუბითიძემ მოაწერეს. მისივე ინფორმაციით, სამედიცინო ისტორიის შექმნის პროცესში ჩართული იყო გიორგი აფციაური. ექიმი ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა იცოდნენ, რომ სინამდვილეში მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი გაკეთებული არ ჰქონდათ.

"შეგვეშინდა, რომ ანაფილაქსია იყო თუ არა, წესით უნდა გამეკეთებინა თუ ანაფილაქსიის ნიშნები იყო, მერე ხომ განუვითარდა რაღაც მაგდაგვარი", - წერს ვიოლეტა ინასარიძე.

ექიმი ამბობს, რომ გარდა ამ ფაქტისა, შესაძლოა სამედიცინო ისტორიაში არასწორად შეტანილი იყოს საათიც. 

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, პროკურატურამ სამ პირს, ახალციხის კლინიკის ექიმებს, ბრალდება წარუდგინა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი