
მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ეს გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომაზე გადაწყდა. ნაფიცებისთვის საქმის გადაცემა ბრალდებულმა და დაცვის მხარემ მოითხოვა.
მანამდე კი, მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე, აღკვეთის შეცვლასა და საქმის არსებითად გადაცემაზე იმსჯელეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა. ხოლო მტკიცებულებების ნაწილში, დაკითხვის მხოლოდ ერთი ოქმი ცნო დაუშვებლად.
პროცესს დისტანციურად ესწრებოდა თავად ბრალდებული ვანო ზანდარაშვილი. მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ამჯერად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან.
ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პირველი ეტაპი 15 აპრილს ჩაინიშნა.
მკვლელობა გასული წლის 25 დეკემბერს მოხდა. ვანო ზანდარაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დაიჭრა მერიის მაღალჩინოსანი.
ავტორი: ია გულიაშვილი.