რიონის ხეობაში 30 წლის აქტივისტს ამ დრომდე ეძებენ. სოფელ ნამოხვანში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებთან და მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა. მისი თქმით, შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. დაიწყო გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულოსხმობს. უპირველესია ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სხვა დამატებით კითხვაზე გამოძიება გასცემს პასუხს, - ამბობს სულხან თამაზაშვილი.
კითხვაზე იყო თუ არა გაუჩინარებული მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში და თუ გამოიკითხა მისი თანმხლები პირი, პასუხობს, რომ ყველა კითხვას გამოძიება მოკლე ვადებში გასცემს პასუხს. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მომდონარეობს, სამუშაოებში ნავებიც ჩართეს.
ცნობისთვის, სოფელ ნამოხვანში ადიდებულ რიონში 30 წლამდე მამაკაცი გადახტა. ის ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებთან ერთად კარავში იმყოფებოდა. აქტივისტების თქმით, ის მათ ორი დღის წინ თბილისიდან შეუერთდა და მის შესახებ ბევრი არაფერი იციან.
ამავე თემაზე: