ოპოზიციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, დააბრუნოს უკრაინაში ელჩი, იძულებული ნაბიჯია. მათივე თქმით, თავის დროზე, უკრაინიდან ელჩის გამოწვევა დიდი შეცდომა და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იყო.
"ჩვენ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის დომინაციიდან გასვლა, მთავრი მოკავშირე ჩვენი ამ პროცესში არის უკრაინა. რაღაც თამაშები ამასთან მიმართებაში, პრეტენზიები უკრაინასთან, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს ძალიან დაბალი სტანდარტის პოლიტიკაა",- თქვა გედევან ფოფხაძე.
სამეზობლოში გვყავს ერთი მეგობარი და იმ ერთისგან გამოიწვიეს ელჩი, მეტი რა უნდა ვთქვათ ამ მთავრობაზე, - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე, კახა კუკავა
"საქართველოს, ახლა კი არა საერთოდ ისტორიულადაც რომ გადავხედოთ, რუკას ჩვენ გვერდზე ვინ არიან, ერთი მეგობარი გვყავს მთელ მსოფლიოში, რომელთანაც არასდროს არც გვიომია, არც ტერიტორია წაგვირთმევია, არც იმას წაურთმევია, ჩვენ სამეზობლოში გვყავს ერთი მეგობარი და იმ ერთისგან გამოიწვიეს ელჩი, მეტი რა უნდა ვთქვათ ამ მთავრობაზე, შეუძლებელია ამის შეფასება",-ამბობს კუკავა
საქართველოს ელჩი უკრაინაში დაბრუნდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გუშინ, 10 აპრილს თქვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის.
ელჩის დაბრუნება "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 9 აპრილს, საპარლამენტო ტრიბუნიდან ურჩია.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გასული წლის მაისში გამოიძახეს და მას შემდეგ აღარ დაუბრუნებიათ. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა გახდა.