"ვიდგებით აქ ისე, როგორც ვდგავართ, რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს", - ამბობს "რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი და მოსახლეობას რიონის ხეობაში ჩასვლისა და მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ფართომასშტაბიანი აქციის თბილისში ჩატარება სტრატეგიულად არასწორია და ხელისუფლება ხალხის სიმრავლეს რიონის ხეობაში იხილავს.
ვიდგებით აქ ისე, როგორც ვდგავართ, რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო დადგება ჩვენს უკან. რობოკობი მოვა თუ წყლის ჭავლის მანქანა, ეს არ წყვეტს ამ საკითხს. ამ საკითხს წყვეტს ჩვენი სიმრავლე და ამ სიმრავლეს იხილავენ აქ. ჩვენ აქედან არ მივდივართ, ველოდებით ყველას აქ. აქ გადის ბრძოლის ხაზი. ჩვენ ვგეგმავდით, რომ თბილისში ჩაგვეტარებინა მასშტაბური აქცია. მაგრამ ბრძოლის ხაზი დღეს აქ გადის და ჩვენ რომ გასაპროტესტებლად თბილისში წავიდეთ, სტრატეგიულად არასწორია. ამიტომ, ყველას მშვიდობიანად მოვუწოდებ გავავსოთ რიონის ხეობა. მოვიდეს აქ ხალხი, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
ცნობისთვის, დღის განმავლობაში დაძაბული იყო სიტუაცია რიონის ხეობაში. სამართალდამცველებმა სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს. ნამოხვანში მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებსაც, პოლიცია მათ სოფელში არ უშვებდა. ხეობაში მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველები, ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმი.
ამავე თემაზე: