ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მიიწვევენ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია „ნამოხვანჰესის“ პროექტით.
„დაახლოებით მაისის ბოლოსთვის ექსპერტები მოგვიბრუნდებიან თავისი რეკომენდაციებით და კომპანია ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები. რაც შეეხება შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეხვედრებისთვის და უფრო მეტსაც გეტყვით, ეს პროექტი არის ხანგრძლივი პროცესი და პროექტის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე მზად ვიქნებით შეხვდეთ როგორც მოსახლეობას, ასევე არასამთავრობო სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს“, – განაცხადა თურნავამ.
რიონის ხეობაში კი ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები სწორედ კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ბაზისკენ მიდიან. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ გუმათიდან ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება კიდევ ერთხელ არ მისცა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც.
ნამოხვანში კი პოლიციამ გუშინ, 11აპრილს , საპროტესტო კარვები აშალა და ენკას ტრაქტორმა ტერიტორიის მოხვნა დაიწყო.