
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ნამახვანში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ბოლო დღეებში სამართალდამცველების მოქმედებები უკანონო და ანტიკონსტიტუციურია.
როგორც მან აღნიშნა, ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით ხელისუფლება რადიკალურ და ქსენოფობიური განწყობილების ნაწილის პოზიციებს ახალისებს.
"სამართალდამცველების მოქმედებები, ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით, იყო მთლიანად უკანონო, ანტიკონსტიტუციური, მოკლებული ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და ზღუდავდა ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს, პოლიტიკური პროტესტის უფლებას, გადაადგილების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას.
რეპრესიული, ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით ხელისუფლება ახალისებს სწორედაც რადიკალურ და ქსენოფობიური განწყობილების ნაწილის პოზიციებს და მიიღებს უარეს შედეგს",-თქვა ბოკერიამ.
რიონის ხეობაში დაძაბული ვითარებაა. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები სწორედ კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ბაზისკენ მიდიან. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ გუმათიდან ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება კიდევ ერთხელ არ მისცა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც.
ნამოხვანში კი პოლიციამ გუშინ, 11აპრილს , საპროტესტო კარვები აშალა და ენკას ტრაქტორმა ტერიტორიის მოხვნა დაიწყო.