
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, დიდი ალბათობით, გიორგი გახარიას გუნდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას შეუერთდება.
როგორც თალაკვაძე ამბობს, "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები "პრაქტიკულად ოპოზიციაში გადავიდნენ"
"ისინი პრაქტიკულად გადავიდნენ ოპოზიციაში. ოპოზიციის მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, შესაბამისად, თუ მთელ ოპოზიციას აწყობს ვადამდელი არჩევნები, დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტია, როდესაც ის ჩამოყალიბდება, შეუერთდება ამ მოთხოვნას.
ჩემი მოლოდინი ასეთია, თუმცა რიგგარეშე არჩევნები საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ცარიელი ბრალდება. მთელი ეს პროცესი დაიწყო სწორედ რიგგარეშე არჩევნების გაყალბების ბრალდებით და შემდეგ ოპოზიციამ ბევრი ნაბიჯით უკან დაიხია",-თქვა თალაკვაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს მყარი უმრავლესობა აქვს და ხელისუფლება იმ ვალდებულებების და დაპირებების უკან დგას, რომელიც საზოგადოებას მისცეს.
"თუ ვნახავთ რა პოლიტიკურ პარტიას ქმნიან ჩვენი უკვე ყოფილი კოლეგები, რა იქნება მათი პლატფორმა, რა მიზნებს ჩამოაყალიბებენ ისინი, უფრო დარწმუნდებით, რომ ოპოზიცია ტყუილად არ ნერვიულობს. რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ გიორგი გახარიამ თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა, ქართული ოცნება და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების უკან, რომელიც საზოგადოებას მივეცით. გარწმუნებთ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის",-თქვა თალაკვაძემ.
გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მან თქვა, რომ გახარიას გუნდი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც რადიკალიზაციას განმუხტავს.