ამ წუთებში დაკავებული ძმები წულუკიძეებისა და მათთან ერთად დაკავებული 4 პირის ახლობლები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მათ გზა აქვთ გადაკეტილი.
ისინი გუმათის აქციის მონაწილე, 6-ვე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
თავადაპირველად ახლობლები იმერეთის სამხარეო პოლიციასთან შეიკრიბნენ, სადაც ცოტა ხნის წინ სიტუაცია დაიძაბა, პოლიციის უფროსმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ თუ გზას არ გაათავისუფლებდნენ პროპორციულ ძალას გამოიყენებდნენ.
"სასამართლოში მივდივართ, სადაც გადაიყვანეს უკანონოდ დაკავებული ბიჭები და ვაპირებთ გამოვხატოთ, ჩვენი პროტესტი, თუ სასამართლო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას რასაც იმსახურებენ პატიმრები, აქციები აუცილებლად გაგრძელდება", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შსს აცხადებს, რომ ბათუმში 6 პირი დააკავა, რომლებსაც ბრალად ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ. ექვსივე მათგანი 12 აპრილს, გუმათში ნამახვანჰესისი მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე იმყოფებოდა.
დაკავებულებს შორის არიან მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა, რეზო წულუკიძე.