
„ნაციონალური მოძრაობა“ არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას - აღნიშნა რამდენიმე წუთის წინ პოლიტიკურმა პარტიამ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ფეისბუქის მიერ ყალბი ექაუნთების დაბლოკვას გამოეხმაურა ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტია მსგავსი გვერდების დაბლოკვას მიესალმება.
ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ერთ დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და კარგად იციან, როგორ საქმიანობდა და საქმიანობს პარტია, თავი შეიკავონ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმისგან. ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიქ ინფორმაციისა და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილისა და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ არიან, - წერია განცხადებაში.