"ამ შეთანხმების დეტალები არ ვიცით ჯერ, თუმცა, იდეა არის საინტერესო. ახლა მთავარი ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ თუ რა პოზიციას დააფიქსირებს ამ საკითხის გარშემო", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი აკაკი მინაშვილი, "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას თავდებში ევროპარლამენტარები უდგებიან.
როგორც მინაშვილი ამბობს, ნიკა მელიასთვის გირაო და ამნისტია კვლავ კატეგორიულად მიუღებელია.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოიყენეს.
"ეს არ იყო მოულოდნელი და კარგი ინიციატივაა, ოღონდ სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არსებობდა გზა ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოზიციების მოპოვების. იქნებოდა ეს პოლიტპატიმრების თემა, გათავისუფლების გზები თუ ვადამდელი არჩევნები. სამწუხაროდ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ეს შესაძლებლობები არ გამოიყენეს ბოლომდე", - ამბობს გიგა ბოკერია.
ევროპელი პარლამენტარები მზად არიან თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას - ხაზარაძე