მოზარდების გაუსაძლისი ყოფა, უმოწყალო სასჯელი და იძულებითი მათხოვრობა - ტრეფიკინგის საქმე

გამოქვეყნდა:

46 წლის მამაკაცი არასრულწლოვნებზე სისტემატიურად ძალადობდა. ბიძა ბავშვებს მოწყალების თხოვნასა და ნივთების გაყიდვას აიძულებდა, სანაცვლოდ კი ყოველ დღე მათგან თანხას ითხოვდა. თუ მოზარდები ბრძანებას არ შეასრულებდნენ, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

მოძალადე მამაკაცის მეუღლე გვარწმუნებს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და არასრულწლოვნები ნივთებს ნებაყოფლობით ყიდდნენ და მოწყალებასაც საკუთარი ინიციატივით ითხოვდნენ. ცოლმა დღეს თვითდაზიანებები, მეუღლის დაკავების გამო მიიყენა.

ბიძა 13 წლის ბიჭსა და 10 წლის გოგონას მუხიანის ახალი გზის დასაწყისში იძულებით მოწყალების თხოვნით გზავნიდა, გასაყიდ ნივთებს ატანდა და საათობით ქუჩაში დგომას აიძულებდა.

მიმდებარე ობიექტებზე მომუშავეები ყვებიან, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბავშვებს ხშირად ხედავდნენ და მათთან კომუნიკაციაც ჰქონდათ, თუმცა მოზარდებს ტერორის და ზეწოლის შესახებ არასდროს არაფერი უთქვამთ.

46 წლის მამაკაცს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა და გლდანის მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს. ბრალს დაკავებული აღიარებს, თუმცა დაცვის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.  ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბიძა ცოლის დისშვილებს ქუჩაში უკიდურესი სიღარიბის გამო გზავნიდა.

სისტემა ვერ მუშაობს - ამას ბავშვთა უფლებადამცველები ამბობენ და თვლიან, რომ ცალკეული შემთხვევების გამოძიება ვერ ცვლის ზოგად სურათს, რომ ქვეყანაში ბავშვთა უფლებები ირღვევა.

მოძალადე ბიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 ივნისს გაიმართება. არასრულწლოვნებთან ახლა სოცმუშაკები იმყოფებიან. ბავშვებს უახლოეს დღეებში თავშესაფარში გადაიყვანენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი