ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები ცდილობდნენ გახელაძეები დაერწმუნებინათ, რომ ისინი საკმარის ნაბიჯებს დგამენ უკანონო ტყვეობაში მყოფი მამაკაცის გასათავისუფლებლად, თუმცა, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
გახელაძეები თვლიან, რომ განცხადებები, რომ მიმდინარეობს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად მუშაობა, რომელსაც 12 წლით და 6 თვით თავისუფლება აქვს აღკვეთილი, ფასადურია.
ისინი მოითხოვენ პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი არ გამორიცხავს, რომ თუ უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგი არ დადგა, თავშესაფარი სხვა ქვეყნებს, მათ შორის დე ფაქტო რეჟიმს სთხოვოს.
ზაზა გახელაძე 290 დღის წინ, სოფელ ქვემო ჭალაში რუსმა ოკუპანტებმა ფეხში დაჭრეს და გაიტაცეს. ქართული მხარე ვერც მისი და ვერც საქართველოს ორი მოქალაქის, ლაშა ხეთერელის და გენადი ბესტაევის გათავისუფლებას ვერ ახერხებს.
იხილეთ ასევე: