საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის პერიოდში სასაფლაოებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გაავრცელა.
"სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მისი თქმით, ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე, რისი პრევენციისთვისაც დაწესდა აკრძალვა.
შეზღუდვა 4 მაისის შემდგომ დღეებში არ იმოქმედებს და მოქალაქეებს საფლავზე გასვლა ჩვეულებრივად შეეძლებათ.