ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიული ბანკი Credit Suisse სასამართლოში უჩივის

გამოქვეყნდა:

შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი Credit Suisse Group AG ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მის კომუნიკაციების მრჩეველს სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური დოკუმენტი გაასაჯაროვა. 

ცნობილია, რომ ეს დოკუმენტი ივანიშვილის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ფირმა Metigen-ის მიერ შექმნილ ვებგვერდზე CSVictims.com-ზე გამოქვეყნდა და ლესკარდონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციასა და მასთან მიმართებით ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებს შეეხებოდა. 

ლონდონის სასამართლოში სარჩელი უკვე დარეგისტრირდა - ივანიშვილის კომუნიკაციების კონსულტანტო ჩარლი ვიგანი Bloommerg-თან ამბობს, რომ ამ ანგარიშის შესახებ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და მედიაში აქედან არაერთი ციტატა უკვე გამოქვეყნებული იყო. 

ცნობისთვის, პატრიკ ლესკადრონი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირია და მის შესახებ დავა შვეიცარიაში, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში მიმდინარეობს. 

ლესკადრონის დანაშაულები 2015 წელს გამოაშკარავდა. ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო, 2018-ში მას ჟენევის სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად სწორედ ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ქონებას დაეუფლა. 

ლესკადრონი დანაშაულს სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა. ამბობდა, რომ ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლის შემდეგ აყალბებდა და სხვადასხვა გარიგებასაც აფორმებდა. 

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ თქვეს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია.

ბიძინა ივანიშვილს კი ამის არ სჯერა და ამბობს, რომ შეუძლებელია, რომ ეს პროცესი კომპანიის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო. ამ საქმეზე მას საჯაროდ სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული, "რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ", - თქვა მან 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან.

ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესში ბერმუდის კუნძულებზეცაა ჩართული, სადაც მისი თქმით, პატრიკ ლესკადრონის თაღლითური ქმედებების გამო, $400 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო 2018 წლის ბოლოს დატოვა, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. გამოცემის ცნობით, 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი