
"პირიქით, პროვოკაცია არის ის, რასაც თვითონ აკეთებს" - ასე პასუხობს კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატს, გია ვოლსკის, რომელიც დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ვოლსკის აზრით, ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე პროვოკაციაა.
"წახალისება რომ ხდება საერთოდ ამისთანა გინდაც თავდასხმების, სასულიერო პირებისგან თუ არასასულიერო პირებისგან ეს ეჭვგარეშეა. თვითონ ეს განცხადებებიც, დღეს ბატონი ვოლსკის განცხადება მოვისმინე, თურმე მისი აზრით, მე საერთოდ არ უნდა გამოვჩნდე არსად, თორე მე ვარ თურმე მაპროვოცირებელი ელემენტი, პირიქით, პროვოკაცია არის ის, რასაც თვითონ აკეთებს. ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავდი და მე მართალი ვარ, აბსოლიტრუად მართალი ვარ და დარწმუნებული ვარ ამ სიმართლეში", - თქვა ივერი მელაშვილმა.
დავით გარეჯში ორი დღის წინ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე სასულიერო პირები პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს. გაურკვეველია, გამოიკითხა თუ არა "ოცნების" წევრი, ალესანდრე იოსელიანი.
4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ. გამოძიება მხოლოდ 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.