რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი ხვდება. მელიასთან უნდა შევიდეს დღეს "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავაც.
როგორც გიორგი ბოტკოველმა შეხვედრის წინ განაცხადა, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ასევე შეათანხმებს "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციებს ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
ბოტკოველი ადასტურებს, რომ საუბარი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც
"ჩვენ ვისაუბრეთ, როგორც დღეს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, ისე სამომავლო გეგმებზე. ნიკა არის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და მისი ციხეში ყოფნის პერიოდში ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ვიღებთ მასთან შეთანხმებით. დღევანდელი შეხვედრაც იმას ეხება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა პოზიცია იქნება შეთანხმებული ნიკა მელიასთან. ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას". განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე კრიზისს. იმის მერე რაც ვითომ შეთანხმება მოხდა და ხელი მოეწერა დოკუმენტს. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ასევე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აქამდე ამ თემაზე არ გვისაუბრია და არ ვთვლიდით საჭიროდ, რომ ნიკა მელიას გამოსვლამდე გვესაუბრა რაიმე არჩევნებზე", - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
ციხეში, ნიკა მელიასთან გუშინ ასევე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი თამარ კორძაია.