შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელები მკაცრდება.

  • კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ოდენობა 6-დან 10 წლამდე იზრდება.
  • ასევე, 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, ვინც დიდი ოდენობით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იზრდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დადგენილი სასჯელი. კერძოდ, თუ დღეს მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირისთვის გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, პროექტის თანახმად ეს ვადა 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქცია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელი ფუნქციის შესრულებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღებით მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი სარგებელი, უმეტესად ხელს უწყობს ახალი დანაშაულის ჩადენას და ამ სფეროში არაერთი პირის ჩართვასაც",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შემუშავებული ცვლილებების პროექტით ასევე მკაცრდება სანქციები ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის.

მომზადებულ ცვლილებებს მთავრობამ მხარი დაუჭირა და ის უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი