
საქართველოში ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. საელჩო წერს, რომ ლოცულობენ ძალადობის მალე დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად.
"ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ამჟამად მილიონობით ისრაელის მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე.
ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს", - წერს ისრაელის საელჩო.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება. ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის ქალაქი თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვა, არის მსხვერპლიც. პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა.