20 ივნისის ამნისტიის ორი კანონპროექტი ბიუროზე რეგისტრირდება - რას ამბობენ მხარეები

გამოქვეყნდა:

ბიუროს სხდომაზე დღეს, 13 მაისს ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსია უნდა დარეგისტრირდეს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია ამბობს, რომ დოკუმენტში წარდგენილი ამნისტიის პუნქტი, ნიკა მელიას საქმეს შეეხებოდა და არა პოლიციელების შეწყალებას.

მათი თქმით, ისინი მმართველ გუნდს საშუალებას არ მისცემენ, რომ ისეთი კანონპროექტი დაამტკიცონ, რომელიც 20 ივნისის საქმეზე დამნაშავეებს შეიწყალებს.

"ოპოზიციას პირდაპირ ესმოდა ეს პუნქტი, როგორც მელიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საშუალება, როგორც შემოგვთავაზეს მოდერატორებმა.

ქართული ოცნების დღევანდელი პროექტი, რომელიც ტოვებს სივრცეებს შესაძლო დამნაშავეების ამნისტირებისთვის - ჩვენ ყველანაირად ვიბრძოლებთ იმისთვის, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და მოდერატორების მეშვეობით, რომ არ მივცეთ საშუალება დარჩეს სივრცე, ჯალათების ან ბრძანების უკანონოდ გამცემი პირების ამნისტირებისთვის",- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, ისინი ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ამნისტიის კანონპროექტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ოპოზიციამ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცეს.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ლელა ქებურიას თქმით, მმართველ გუნდთან ერთად კანონპროექტზე პასუხისმგებლობა ოპოზიციის იმ ნაწილს ეკისრება, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

"ამნისტიის კანონით ქართული ოცნება ცდილობს, ჩამოირეცხოს 20 ივნისი და სათავისოდ გამოიყენოს შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ მივიღეთ ვითარება, როცა პარლამენტში რეგისტრირებულია ორი კანონპროექტი. ევროპული საქართველო არ უერთდება ამ შეთანხმებას და შესაბამისად ის ვერ იქნება პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. ამნისტიის კანონზე პასუხისმგებელია ქართული ოცნება, თუმცა ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ხელმომწერი ოპოზიციაც",-თქვა ლელა ქებურიამ.

"ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის კანონპროექტის მათი ვერსია პარლამენტში 27 აპრილს დაარეგისტრირეს, ოპოზიციის ნაწილმა კი 28 აპრილს. ოპოზიციის წარმომდგენლების თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან დაინიცირებულ კანონპროექტსა და ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს შორის შინაარსობრივი განსხვავებაა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი