პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, მე-10 მოწვევის პირველი ოპოზიციური ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ამნისტიის კანონპროექტსა და საარჩევნო რეფორმაზე იმსჯელეს.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ განიხილეს შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელების გზები. "ვიმსჯელეთ, ოპტიმალურად როგორ შევძლოთ, რომ ესა თუ ის პუნქტი არ გადაიქცეს დაპირისპირების საშუალებად".
ფრაქციის კიდევ ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მათი სურვილია, "საბოლოოდ მოხდეს ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელიც კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული". როგორც სამადაშვილი ამბობს, მმართველი გუნდი ცდილობს ამნისტიის კანონპროექტი "საკუთარ ინტერესებსა და დღის წესრიგს მოარგოს".
შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა თავად პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც კუჭავამ თქვა, სურვილი აქვს ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეხვდეს.
"რაც ყველაზე მთავარია, მათთვის განსაკუთრებით, ვინც პირველად არიან პარლამენტის წევრები, მაქსიმალურად შევეცდები თუ რამე დახმარება სჭირდებათ, ტექნიკური იქნება თუ სხვა სახის, ჩემი მხრიდან მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერა. ყველა საკითხზე ვისაუბრებთ რაც მათთვის აქტუალურია", - განაცხადა კუჭავამ.
არსებული ინფორმაციით, ფრაქციის შექმნას აპირებს ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, მას შემდეგ რაც ის მივლინებიდან ჩამოვა ფრაქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს.
პარტია "ლელომ" საპარლამენტო ფრაქცია სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შაგვულიძესთან ერთად, გუშინ შექმნა.