
"ზოგადი მითითება იმაზე, რომ ვიღაცამ რაღაც იცის, ვერ დააკმაყოფილებს მოწმის დაკითხვის სტანდარტს", - ასეთ კომენტარს აკეთებს კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, ტელეკომპანიის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მოთხოვნაზე, რომ "რუსათავი 2"-ის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი გამოკითხონ.
"ველოდებით სისხლის სამართლის საქმის მასალებს და შემდეგ ჩვენც გვექნება შესაძლებლობა და შეიძლება წარმოიშვას ჩვენი მხრიდან გარკვეული ტიპის შუამდგომლობები. ბატონ ივანიშვილის ინტერვიუ აქვს მიცემული ქალბატონი ირმა ინაშვილისთვის, სადაც საუბრობს, გარკვეულ, მის მიმართებაზე ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით. ზოგადი მითითება იმაზე, რომ ვიღაცამ რაღაც იცის, მითუმეტეს თუ უშუალო მონაწილე არაა და უშუალოდ ფაქტებს არ შესწრებია, ვერ დააკმაყოფილებს მოწმის დაკითხვის სტანდარტსა და იმ საფუძვლებს რა შემთხვევაშიც შეიძლება, რომ მოწმე დაკითხონ", - თქვა პაატა სალიამ.
საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამიკითხულიყო, მათი თქმით ივანიშვილმა ამ საქმის ბევრი დეტალი იცის. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.