საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგონას ასელ აიტპაევას საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი, კერძოდ, როგორც აიტპაევას დედა "მთავარ არხს" უყვება, მისი შვილის გარდა ყაზახეთიდან გოგონები კიდევ 5 რეისით უნდა ჩამოეყვანათ.
აისუსუ აიტპაევა დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა მისი შვილი ჯერ გააუპატიურა შემდეგ კი მოკლა. ოჯახი ასევე მოითხოვს, რომ საქმეს კიდევ ერთი - ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.
"იყო გაუპატიურება და იყო მკვლელობა, ამ მუხლებით უნდა აგოს მეირბეკოვმა პასუხი. ადამიანს სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ფეხები ტყდება, ჩემს გოგოს კი მსგავსი არაფერი ჰქონია, მე ჩემი თვალით ვნახე ეს ყველაფერი პროზექტურაში. რაც შეეხება გაყიდვას, ეს გაყიდვას ეს ჩანაწერშიც ისმის და მე პირადაპირ ვუთხარი გამომძიებელს ჩემი შვილი მიყვებოდა, რომ მის გარდა კიდევ 5 რეისით უნდა ჩამოსულიყვნენ გოგონები. ვითხოვ, რომ ესეც განიხილოს პროკურატურამ, მეირბეკოვის ოჯახი არ მინახავს, არც მინდა მათი ნახვა. მინდა, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს", - ამბობს ასელ აიტპაევას დედა.
რაც შეეხება მურად მეირბეკოვს, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით, ასელ აიტპაევა რუსთავში 2-ჯერ გააუპატიურა, როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, მეირბეკოვს აიტპაევას გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს და მან გოგონას გარდაცვალებამდე დატოვა საქართველო.
ადვოკატის თქმით, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს.
პროკურატურამ მეირბეკოვს ბრალი 14 მაისს დაუსწრებლად წარუდგინა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცედურულად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.
ამავე თემაზე: