მკვლელობა ჩუმლაყში - ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე თელავის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის მცდელობისა და ერთი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატის შუამდგომლობა, ჯუანშერ ტურიაშვილისთვის 10 ათას ლარიანი, ხოლო ალექსანდრე ტურიაშვილისთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

ჯუანშერ ტურიაშვილი, რომელსაც გამოძიება ერთი ადამიანის მკვლელობასა და სამის დაჭრას ედავება, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

ალექსანდრე ტურიაშვილი კი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული, ბრალს არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, მკვლელობა ჩუმლაყი- ყიტაანის დამაკავშირებელ გზაზე, 25 მარტს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის "კრიმინალური ავტორიტეტი" მალხაზ ბადუაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი ბადუაშვილის მიმართ წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო დაგეგმილ შურისძიებას უკავშირდება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი