
26 წლის ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმეზე ყაზახური მხარე დღეს დაკავებულ ბესიკ თოდრუას დაკითხავს. ყაზახური საგამოძიებო ჯგუფი საქართველოში 18 მაისს ჩამოვიდა. თოდრუა კი ერთ-ერთია ვისი ჩვენებაც ყაზახეთში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეგროვებულ საქმის მასალებს დაემატება.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ყაზახეთში გამოძიება არასწორი მუხლოთ მიმდინარეობს, ვინაიდან საქართველოში მოგროვილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ საქმე ტრეფიკინგს ეხება.
ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
"ჩვენ ყაზახ გამომძიებელთან და პროკურორთან ერთად შევალთ და ყველა მათ კითხვაზე გავცემთ პასუხს. ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ მათთან თანამშრომლობაზე საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, თუ რაიმე კითხვა ექნებათ, ბუნებრივია ჩვენ პასუხს გავცემთ.
აქვე დავამატებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე საქართველოში მოძიებული მტკიცებულებების საფუძველზე არც ერთ შემთხვევაში არ იკვეთება ტრეფიკინგი.
რატომ ჰქონდა ამ ადამიანს თვითმკვლელობა გადაწყვეტილი ყაზახურმა მხარემ თავიანთ ქვეყანაში დაადგინოს. სისხლის სამართლის საქმე ჰყავთ არასწორად წაყვანილი და მივუთითებ, რომ საქმე არა ტრეფიკინგის არამედ გაუპატიურების მუხლით წაიყვანონ",-თქვა ლაშა შუკაკიძემ.
გარდაცვლილი გოგოს დედამ საქართველოს სახალხო დამცველს თხოვნით მიმართა, რომ საქმის გამოძების პროცესში ჩაერთოს. აისუს აიტპაევა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო. ის ამბობს, რომ ასელ აიტპაევა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს.
ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.
ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.