1994 წელს ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოში ჩამოიყვანეს - 2 მსჯავრდებულის ექსტრადიცია საფრანგეთიდან

გამოქვეყნდა:

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობითა და საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 19 მაისს, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების - ვ.გ.-ს და თ.ჟ.-ს საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.
ვ.გ.-ს საქართველოს გენერალური პროკურატურა ინტერპოლის წითელი ცირკულარით, 1994 წელს ჩადენილი მკვლელობისათვის ეძებდა.

სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვ.მ. გაიტაცეს, რომელიც დაზარალებულის მშობლებისგან გამოსასყიდის მიღების შემდგომ გაათავისუფლეს. მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ოჯახის წევრმა განცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი შვილის გამტაცებლების ვინაობა, ჩადენილ დანაშაულში მხილების შიშით და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ვ.გ. და მისი თანამზრახველები 1994 წლის 19 თებერვალს, მალულად შევიდნენ ვ.მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.მ.-მ და მისმა მშობლებმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს. მკვლელობის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცეს და მიიმალნენ - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ვ.გ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წელს დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ რამდენიმე მუხლით, რომლებსაც 2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონი შეეხო და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით განესაზღვრა. 

რაც შეეხება თ.ჟ.-ს - პროკურატურის ინფორმაციით, მას ნარკოდანაშაულისთვის ეძებდნენ.

სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2005 - 2008 წლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში მყოფმა თ.ჟ.-მ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის, საფოსტო გზავნილის და ავტომანქანის მეშვეობით, რამდენჯერმე გაუკეთა ორგანიზება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის“ საქართველოში შემოტანას - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თ.ჟ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წელს დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და გასაღებისათვის, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და  15 წლით თავისუფლების აღკვეთა, დაუსწრებლად შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ვ.გ. 2018 წლიდან, ხოლო თ.ჟ. 2019 წლიდან, საფრანგეთში, წინა საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ამჟამად კი ისინი საქართველოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან შესახლებულები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი