სამკაულები, ვერცხლის ჭურჭელი, საათები, ტექნიკა, საიუველირო ნაკეთობები, მუსიკალური ინსტრუმენტები - ორგანიზებული ჯგუფის წევრები საბერძნეთში იპარავდნენ ყველაფერს, რაც ძვირადღირებული იყო. დაკავებულებს შორის 3 ქალია.
ბერძენმა სამართალდამცველებმა გამოიძიეს ბინის ქურდობის 18 შემთხვევა - დაკავებულების ვინაობასა და ნაქურდალ ნივთებს უსაფრთხოების სამსახური ასაჯაროვებს.
მოპარული ნივთების საერთო ღირებულებამ კი 190 ათას ევროს გადააჭარბა. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 2 ავტომობილიც - მათი ღირებულება 6220 ევროს შეადგენს. ირკვევა, რომ დაკავებულების უმრავლესობას, მსგავსი დანაშაულისთვის ბრალი წაყენებული ადრეც ჰქონდა.
ორგანიზებული ჯგუფის წევრების ნაწილი კახეთიდანაა. მათ ოჯახის წევრებს დაკავებულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მშობლები არ მალავენ, რომ მათი შვილები საბერძნეთში მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო წავიდნენ.
6 დაკავებულიდან ერთი თავისუფალია. საბერძნეთის პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცის კავშირი ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ვერ დაადგინა.
საბერძნეთში საქართველოს საკონსულოში ამ დროისთვის ოფიციალური შეტყობინება არ შესულა საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ, თუმცა საკონსულო საქმის კურსშია აღნიშნულ ფაქტზე და მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილობრივ სამართალდამცველებთან. მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.
საბერძნეთის საგამოძიებო უწყებამ უკვე დაადგინა, რომ დაკავებულები ატიკში, ძირითადად პაგრატის, კაისარიანისა და ზოგრაფუს რაიონებს ძარცვავდნენ. აღიარებენ თუ არა ბრალს ორგანიზებული ჯგუფის წევრები უცნობია