თითქმის 3-თვიანი პატიმრობის შემდეგ გოგი წულაიამ პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა. წულაია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბრძოლას საპატიმროდან აპირებს. რა ერქმევა ახალ პარტიას, ჯერ არ ამბობს, თუმცა აცხადებს რომ უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება, თავად იქნება თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საკუთარ კანდიდატურას ქუთაისში დააყენებს.
სამართალდამცველებმა წულაია 17 მარტს დააკავეს. მას შემდეგ, რაც შსს-ს ინფორმაციით, მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა. წულაია დარწმუნებულია, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და პროვოკაცია მოუწყვეს, რადგან მისი დაკავების ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა ოპოზიციონერის მიერ ცნობილ პერფორმანსს ბერა ივანიშვილის გინებასთან დაკავშირებით.
ამას კი, თავის მხრივ წინ უძღოდა მედიაში სკანდალური აუდიო ჩანაწერის გასაჯაროება, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე 15 წლის არასრულწლოვანს ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარის გამო მის დასჯას განიხილავენ, გლდანის ციხეში მყოფი წულაია მეხუთე დღეა შიმშილობს და საქმის სამართლიანად გამოძიებას მოითხოვს.
წულაიას უფლებადამცველი საქმეში არსებული დარღვევებზე საუბრობს და განმარტავს რომ წარდგენილი ბრალდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ დარწმუნებულია რომ წულაიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მის უკან კონკრეტული მაღალჩინოსნების ინტერესები დგას.
საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 31 მაისს იწყება და ადვოკატი პირველ რიგში დარბაზიდან გაძევებული ბრალდებულის დაბრუნებას მოითხოვს, შემდეგ კი გირაოს თაობაზე შუამდგომლობას კვლავ დააყენებს.
გოგი წულაია ბრალდება სასჯელის სახედ 4 დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რამდენიმე დღეში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს - გაათავისუფლებს წულაიას 5 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე, თუ მას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გლდანის ციხიდან მოუწევს ბრძოლა.