თქვენ ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე უნდა მოიბოდიშოთ - მიმართვა ანტიოქიის პატრიარქს

გამოქვეყნდა:

ეს ქმედება ჩვენს მიერ კანონიკური თვალსაზრისით მიჩნეულია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად და მოითხოვს დაუყოვნებლივ გამოსწორებას - ქართველ სასულიერო პირთა, თეოლოგთა და ისტორიკოსთა ნაწილი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს იოანე X - ს, საპროტესტო წერილს უგზავნის.

საუბარია 18 მაისს, საპატრიარქო რეზიდენციაში, რუსეთის  მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მასპინძლობაზე. 

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია ანტიოქიის პატრიარქისგან ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე ბოდიშის მოხდას ითხოვს:

თქვენო უნეტარესობავ,

საქართველოს უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები გაოგნებულნი დავრჩით თქვენი ქმედებით, როდესაც ა/წ 18 მაისს საპატრიარქო რეზიდენციაში გულთბილად უმასპინძლეთ საქართველოს განუყოფელი და ამჟამად რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას.

თქვენმა ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გააღრმავა ის ჭრილობები, რომელიც მოუშუშებლად ადევს ივერიის მიწას. თქვენ დაუმატეთ ტკივილები აფხაზეთის ქართული მიწიდან რუსების მიერ ეთნოწმენდის შედეგად იძულებით განდევნილ ასიათოსობით ადამიანს და ამგვარი დესტრუქცილობითა და კადნიერებით საკუთარი პიროვნება უაღრესად დააზიანეთ.

ფიზიკურ ტკივილს გადააჭარბა თქვენი მიუღებელი საქციელით გამოწვეულმა აღშფოთებამ - ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ, დეფაქტო პრეზიდენტს ეგებებით სიტყვებით "თქვენი ეკლესია" და აღუთქვამთ დახმარებას საეკლესიო კუთხით.

ეს ქმედება ჩვენს მიერ კანონიკური თვალსაზრისით მიჩნეულია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად და მოითხოვს დაუყოვნებლივ გამოსწორებას.

თქვენ ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე უნდა მოიბოდიშოთ ჩადენილი ქმედების გამო და აღარასოდეს გაიმეოროთ მსგავსი რამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი არაკანონიკური და არაქრისტიანული საქციელი საკამრისი მიზეზია ანტიოქიის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გასაწყვეტად.

გარდა ამისა, მართლმადიდებლურ საზოგადოებაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ანტიოქიის ეკლესია განიცდის მოსკოვის საპატრიარქოს დიდი გავლენას და მისსავე ხელში ინსტრუმენტალიზებულია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყდრისა და აწ უკვე საქართველოს წინააღმდეგ.

ბოლოს აღვნიშნავთ, რომ თქვენს ტიტულში არსებული მონაკვეთი, რომელიც ივერიის ეკლესიის მწყემსთავარს გიწოდებთ (იმ დროს, როდესაც ჩვენს ეკლესია ავტოკეფალურია და პატრიარქი ჰყავს) დიდ უხერხულობას ქმნის და მიგვაჩნია, რომ ის ამოღებულ უნდა იქნას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ახალი ისტორიული მოწმობები, რომლებიც აქარწყლებენ მითად ქცეულ ამბავს ანტიოქიის, როგორც საქართველოს დედა ეკლესიად სახელდებას.

იმედი გვაქვს, ქრისტიანული თავმდაბლობით ყურად იღებთ ჩვენს სამართლიან შენიშვნებს და გამოასწორებთ ჩადენილს" ნათქვამია წერილში. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-ს 18 მაისს დამასკოში შეხვდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი