ასტრონომებმა იდუმალი სწრაფი რადიო ანთებების სავარაუდო მდებარეობა დაადგინეს

გამოქვეყნდა:

სწრაფი რადიო ანთებები ირმის ნახტომის გარედან შემოსული რადიოტალღების უკიდურესად მცირე ხნიანი და მძლავრი გამოსხივებაა. უკანასკნელ ათწლეულში, ასტრონომებმა 1000 ასეთი ამოფრქვევა დააფიქსირეს, თუმცა, მხოლოდ რამდენიმეს წარმოშობის მდებარეობა დადგინდა. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის წყალობით, ამ მცირე რიცხვს კიდევ ხუთი შეგვიძლია მივამატოთ.

► ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა თავის დაბადების დღეზე მომაკვდავი ვარსკვლავის ფოტო გადაიღო

სწრაფი რადიო ანთებები წამის მეათასედში მზის ტოლ ენერგიას გამოყოფს, მაგრამ ხანმოკლეობის გამო მათი წარმოშობის წყაროს დადგენა უკიდურეს სირთულეს წარმოადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ წარმომქმნელ ობიექტებზე. ასეთი მოვლენების ადგილმდებარეობის დადგენა გვეხმარება, რომ გავიგოთ, რამ გამოიწვია ისინი. ახლა კი, ასტრონომებმა არა მხოლოდ იმ გალაქტიკას მიაგნეს, სადაც ისინი წარმოიშვა, არამედ მათ ამ გალაქტიკების უმაღლესი რეზოლუციის ფოტოები გადაიღეს და ამ ანთებების სავარაუდო ლოკაცია ამავე გალაქტიკების სპირალურ მკლავებში განსაზღვრეს.

ჩვენი შედეგები ახალი და საოცარია. ეს არის სწრაფი რადიო ანთებების პირველი მაღალი გარჩევადობის ფოტოები და ჰაბლის ტელესკოპმა დაადგინა, რომ ხუთი მათგანი გალაქტიკების სპირალურ მკლავებში ან მათთან სიახლოვეს მდებარეობს. ამ გალაქტიკათა უმეტესობა მასიური და შედარებით ახალგაზრდაა, სადაც ვარსკვლავების წარმოქმნა კვლავ მიმდინარეობს. ჰაბლის გადმოგზავნილი ამ მაღალი რეზოლუციის მონაცემების საშუალებით, ჩვენ შევძლებთ უკეთ გავიგოთ, რა ხდება სწრაფი რადიო ანთებების ადგილას, ასევე გავიგოთ იმ გალაქტიკაზეც, რომლიდანაც ის წამოვიდა, - ამბობს კვლევის მთავარი ავტორი ალექსანდრა მანინგსი, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

► ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა ასობით გალაქტიკისგან შემდგარი გროვა გადაიღო

სწრაფი რადიო ანთებები ორ კლასად იყოფა: განმეორებადი და არაგანმეორებადი. ამ უსწრაფესი და უმოკლესი რადიოტალღების წარმოქმნის მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ამ კვლევით მყარდება ის ჰიპოთეზა, რომ ანთებებს მაგნეტარები წარმოქმნიან. მაგნეტარები ნეიტრონული ვარსკვლავების (აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენი) განსაკუთრებული ტიპია, რომელთაც წარმოუდგენლად ძლიერი მაგნიტური ველი გააჩნია.

როდესაც ასეთი ვარსკვლავი ინთება, ის ხანმოკლე, მაგრამ ძლიერ გამოსხივებას გამოყოფს და თუ განლაგება დაემთხვევა, ამ ანთებებს დედამიწიდან ვაფიქსირებთ. ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების მქონე მასიურ გალაქტიკებში ამ გამოსხივებების წარმომავლობის დადგენა ნიშნავს იმას, რომ, დიდი ალბათობით, ამ გალაქტიკებში მაგნეტართა დიდი რაოდენობაა.

სწრაფი რადიო ანთებები პირველად 2001 წელს დააფიქსირეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი