იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ამნისტიის კანონპროექტის ორ ვერსიას განიხილავენ - რას ამბობენ მხარეები

გამოქვეყნდა:

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ამნისტიის კანონპროექტის ორ ვერსიას განიხილავენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ დაინიცირებულიკანონპროექტი შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტთან შეუსაბამოა.

ოხანაშვილის თქმით, ამნისტიის მიღებით "ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში შეძლონ.

"ჩვენი პოზიციაა, რომ ოპოზიციური ჯგუფების მიერ დაინიცირებული კანონპროექტი არც ერთ კომპონენტში არ პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილს, რომელიც უკავშირდება ყველა დარღვევასა და მსჯავრდებაზე ამნისტიის გამოცემას.

დღეს ბატონმა შავგულიძემ ასევე, არ ვიცი, წამოცდა თუ რა იყო, თუმცა ფაქტია თქვა, რომ მათ ამნისტიის პროექტი დააინიცირეს არა რეალურად პოლიტიკური დეესკალაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ეს შეეხოს ნიკანორ მელიას, ეს არის მათი პოზიცია.

რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, ჩვენი ამოცანაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა კონსტრუქციულად, პოლიტიკური კულტურის დემონსტრირებით, პოლიტიკური თანამშრომლობა შევძლოთ",-თქვა ოხანაშვილმა

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის პოზიციას, მათთვის მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი მიუღებელია. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ კანონპროექტი ზოგადია და ის ხელისუფლებას შეუზღუდავ უფლებამოსილებას აძლევს, რომ 20 ივნისს ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული ამნისტიის ქვეშ მოაქციოს.

"ასეთი ზოგადი, ასეთი არაკონკრეტიზირებული ამნისტია ხელისუფლებას შეუზღუდავ უფლებამოსილებას უტოვებს, ამ ფაქტთან დააკავშიროს ნებისმიერი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და ის მოაქციოს ამნისტიის ქვეშ. ასევე არ დააკავშიროს რაიმე დანაშაული და არ მოაქციოს.

ასეთი არაგანმჭვრეტადი ამნისტია, რომელიც ხელისუფლებას შეუზღუდავ უფლებამოსილებას უტოვებს, მისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ამნისტიის აქტი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ვერც სამართლიანობის განცდას გააჩენს და ვერც იმ მალამოს ფუნქციას შეასრულებს ამ ფაქტთან დაკავშირებით",-თქვა შავგულიძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ "ქართული ოცნების" კანონპროექტის ვერსია ხმათა უმრავლესობით მიიღო. კომიტეტმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზოციის ალტერნატიული ვარიანტს მხარი არ დაუჭირა. ამ წუთებში კანონპროექტების განხილვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი