საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ჰელენა სანდ ანდრესენი 26 მაისთან დაკავშირებით სპეციალურ ვიდეოს აქვეყნებს და დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანას ქართულ ენაზე ულოცავს.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება:
"საქართველოში წითელი არმიის შემოჭრიდან წელს ასი წელი გავიდა. ამ ფაქტმა პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული განვითარების პროცესი სრულიად ჩაშალა. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება და შედეგები ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ვხედავთ უსირცხვილო მცოცავ ოკუპაციას და ვგლოვობთ იმ ხალხს, რომელთა სიცოცხლე საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას შეეწირა. ჩვენ გვახსოვს იმ ქართველი კაცის გმირობის ისტორია, რომელმაც საკუთარი სახლის მიტოვებას, საოკუპაციო საზღვრის მიღმა სიკვდილი ამჯობინა.
ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ძლიერი და სანდო პარტნიორია. მე და ჩემმა კოლეგებმა უკვე მოვასწარით ამ საოცარი ქვეყნის კუთხეების დათვალიერება. დავტკბით რაჭის თვალწარმტაცი ხეობებითა და შთამბეჭდავი ხედებით მყინვარწვერიდან. კიდევ მეტის ნახვის და შეცნობის სურვილი გვაქვს. საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, არა მხოლოდ მისი ბუნებისა და სამზარეულოს, არამედ აქაური ხალხისა და კულტურის მრავალფეროვნების გამო, რაც ამ ერს ასეთ საინტერესოს და საყვარელს ხდის. ვაქცინირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ რთულ პერიოდს მალე უკან ჩავიტოვებთ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს", - ამბობს ელჩი.
ამავე თემაზე: